Загрузка...

გაიცანით წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები - კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ზუსტი დახასიათება


წყლის სტიქიის წარმომადგენელი ზოდიაქს ნიშნების ჯერიც დადგა... მოდი გავიცნოთ, როგორები არიან კირჩხიბები, მორიელები და თევზები.

კირჩხიბი

კირჩხიბში ყველაზე ძლიერი თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც არა მარტო საკუთარი თავის, არამედ ყველა საყვარელი ადამიანის დაცვას გაიძულებთ. თქვენი მამოძრავებელი ძალა, სწორედ ეს ინსტიქტია. გამუდმებით სანგრებს თხრით.

იმდენად ადვილად მოწყვლადი ხართ, ადვილად ტრავმირებადი, შიგნით იშვიათად უშვებთ ვინმეს. საოცრად ფაქიზი შინაგანი სამყარო გაქვთ. თქვენი სული ნამდვილი ნაკრძალია, სადაც უცხო ფეხის ერთი არასწორი დადგმაც უკუქცევადი პროცესების კასკადს იწვევს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა. თქვენც გარშემო კაატინგა შემოირტყით, რომელში შესვლის ნებართვასაც თითქმის არასოდეს გასცემთ, ძალით კი ვერავინ აღწევს.

ამბობენ, თვალები სულის სარკეაო და თქვენ ამ გამოთქმის ნათელი დადასტურება ხართ. საოცრად ღრმა და მეტყველი თვალები გაქვთ, ძირითადად წყლიანი და საოცრად სევდიანი. მათში იმდენი იდუმალებაა, იმდენი ამოცანა… მათში მთელი სამყაროა, მთელი გალაქტიკაა პატარ-პატარა სამყაროებით.ხასიათი მთვარის ფაზებივით გეცვლებათ. შეგიძლიათ იყოთ უზომოდ მხიარულიც და უსაშველოდ მელანქოლიურიც. საშინლად ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სულში ხელების ფათურს ვერ იტანს. ერთდროულად ძალიან ცვალებადიც ხართ, მოუსვენარიც და თანაც მიჯაჭვულობებიც გჩვევიათ. ემოციური დამოკიდებულებები ხშირად გიჩნდებათ. ეჩვევით და დათმობა გიჭირთ. ვერ იტანთ განშორებებს და რა მაწანწალაც არ უნდა იყოთ, სახლში დაბრუნებისას, მაინც რაღაცნაირად სიმშვიდის განცდა გეუფლებათ.
არ შეიძლება კირჩხიბთან არ ვახსენოთ მისი გასტრონომიული ინტერესებიც. გუდმენი წერდა, კირჩხიბი ბედნიერი მაშინ არის, როცა მაცივარი სავსე აქვსო. გურმანი ხართ… შესაძლოა კუროსავით ბევრს არც სჭამდეთ, მაგრამ სავსე მაცივარი – უსაფრთხოებაა, გარანტია… "პური ჩვენი არსობისა"…. თქვენი სახლი ხომ თქვენი ციხესიმაგრეა, ციხესიმაგრე კი საკვების, მარაგის გარეშე, ციხესიმაგრე არ არის…. გჭირდებათ საყრდენი, ფესვები, უსაფრთხოება. ეძებთ გარემოს, სადაც დაცულად იგრძნობთ თავს, ამიტომ ახლობლებს შორის, ოჯახურ გარემოსა და მშობლიურ სივრცეში უფრო ბედნიერი ხართ, ვიდრე ახალ გაცნობილ ადამიანებთან. ხალხმრავალ ადგილებს სიმყუდროვეს არჩევთ.
იტვირთება...
loading...
სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე მიიჩნევა ასტროლოგიაში კირჩხიბი ოჯახის, სამშობლოს, ისტორიის მცველის სიმბოლოდ. თქვენ პატივს სცემთ წინაპრებს, წარსულს… გიყვართ ანტიკვარები, სუვენირები, ფოტოები… ყველაფერი, რაც მოგონებებს აღძრავს.შესაძლოა იმდენად ძლიერი მეხსიერება გქონდეთ, დეტალების დონეზეც კი იხსენებდეთ ფრაგმენტებს ღრმა ბავშვობიდან. შესაძლოა მედიუმური უნარებიც გქონდეთ – სხვა ადამიანებს გრძნობდეთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე "იცით" ვინ რას წარმოადგენს, ვის რა უდევს შიგნით. თქვენ ასე, "უმიზეზოდ" შეგიძლიათ არ გაგიჩნდეთ ან გაგიჩნდეთ ვინმესთან ნაცნობობის სურვილი, რადგან ურთიერთობაში შესვლამდე გექმნებათ წარმოდგენა. დანახვისთანავე გიჩნდებათ სიმპატიები, ან ანტიპატიები და როგორც წესი, იშვიათად სცდებით პირველ შთაბეჭდილებაში.
გაქვთ თვითგამოხატვის პრობლემა. ხშირად არაადეკვატურად წარმოაჩენთ საკუთარ თავს. მიუხედავად მზრუნველი ბუნებისა, ცოტა უხასიათოს და უჟმურის რეპუტაციაც კი შეიძლება გქონდეთ, თუმცა ეს ნაწილობრივ რუკის დანარჩენ ასპექტებზეა დამოკიდებული.
თქვენი უმთავრესი პრობლემა ისაა, რომ ქვეცნობიერ დონეზე საზოგადოებრივი აღიარებისკენ, სტატუსისკენ ისწრაფვით, თუმცა შესაძლოა ამის პოტენციალი არ გქონდეთ, ამიტომ უკეთესი იქნება, თუ ისევ შინაგან სამყაროზე ორიენტირდებით. გამოიყენეთ თქვენი ფსიქოლოგიური ნიჭი. თქვენ ხომ ყველაზე კარგი მსმენელი ხართ და თანაც ერთი ჯადოქრობა მუდამ თან გდევთ – როცა ვინმე საკუთარ პრობლემებზე გესაუბრებათ, თქვენ შეიძლება არაფერი თქვათ, მაგრამ ის ადამიანი თავად მივიდეს პრობლემის გადაჭრის გზამდე.
საოცრად ემპათიური ხართ, მიწებებული, კირჩხიბი დედობრივი მზრუნველობის სიმბოლოცაა, მაგრამ ამავდროულად საშინლად გაუცხოება შეიძლება გემართებოდეთ. პარადოქსია, არა? დღეს პატარა რამეზე პანიკაში ვარდებით, ისტერიკას აწყობთ, ცრემლებს აღვარღვარებთ, გულს იხეთქავთ, ხვალ კი შეგიძლიათ უცებ გამოეთიშოთ ყველაფერს, ჩაკეტოთ ყველა არხი, შეძვრეთ ნაჭუჭში და შექმნათ ილუზია, რომ თითქოს არაფერს გრძნობთ, ვერაფერს ხედავთ, არაფერი იცით… რაა? რამე ხდება? მე რა შუაში ვარ? საერთოდ ვინ ხართ? რატომ უნდა მადარდებდეს ეს ყველაფერი? – ეს თავდაცვაა… ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, თქვენ კი თქვენს ბაკანში შეყუჟულხართ, ყურებში ბამბები ჩაგიდიათ და თვალები გაქვთ დახუჭული… არ იღებთ ინფორმაციას, უარს აცხადებთ აღქმაზე… იმიტომ, რომ ფიქრობთ ამის გულთან მიტანა გაგანადგურებთ…
რა ხდება, როცა თავს გესხმიან? პირველი რეაქცია ძირითადად უკანდახევაა, რადგან ჯერ ყველაფერი კარგად უნდა შეისწავლოთ და მობილიზდეთ… თუმცა ეს მეტწილად მაინც იმ კედლების სიმყარეზეა დამოკიდებული, გარშემო რომ იშენებთ ბავშვობიდან… გძულთ უხეშობა, პირველი შეტევაზე იშვიათად გადადიხართ, მაგრამ თუკი ცუდად შეგეხოთ ვინმე, ეკლებზე აუცილებლად შეახევს ხელს...შესაძლოა მანიპულატორობის ხელოვნებასაც ფლობდეთ და თავის მსხვერპლად გამოყვანის, თავის შეცოდების გზითაც კი აღწევდეთ საწადელს. ეს უკვე განვითარების დონეზეა დამოკიდებული, თუმცა პირდაპირ კონფრონტაციას რომ ერიდებით, ეს ფაქტია.
საერთო ჯამში, ძალიან გულითადი ადამიანი ხართ და თქვენს გვერდით ყოფნაც ძალიან სასიამოვნოა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კარგ ხასიათზე ბრძანდებით. შეიძლება ფხუკიანი, ბუტია და ცოტა ბუზღუნაც ხართ, მაგრამ სამაგიეროდ ვინც გიყვართ, იმ ადამიანებს სულს ანაცვალებთ.

მორიელი

მორიელების საფირმო ნიშანი სიმძაფრეა. განთქმულნი არიან იმით, რომ ყველაფერში თავით ფეხებამდე გადაშვება ჩვევიათ. ენერგეტიკულ მარაგს ცუდად ყოფნის დროს ივსებთ. როცა გიჭირთ, გაათმაგებულ ძალებს გრძნობთ.
მუდმივი ცვლილებები, გარდაქმნები, ქმედებები გჭირდებათ. მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში საკუთარი თავის ჭამას იწყებთ, პრობლემების გამოგონებას. როდესაც არაფერი ხდება – ცუდად ხართ. იმდენი ენერგია გაქვთ, თუკი არ აშენებთ ნგრევას იწყებთ.
არ შეგიძლიათ გულგრილობა. გამუდმებით განცდებში ხართ, დაძაბული ხართ, იტანჯებით, შიგნით ყველაფერი დუღს ხოლმე, თუმცა გარედან არაფერს იმჩნევთ. ვერ იტანთ, როდესაც ვინმეს გადარებენ. გძულთ სისუსტეები სხვებშიც და საკუთარ თავშიც, ამიტომ მთელი არსებით ებრძვით. გამუდმებით გამოცდებს აწყობთ, აბარებთ, ძლიერდებით.
ან ყველაფერი, ან არაფერი – აი, თქვენი დევიზი. თუმცა რამის კეთებაზე რომ დაგიყოლიონ, ეს არც ისე ადვილია. მეტიც, უკეთესია თუ არც შეეცდებიან, რადგან მზით მორიელებს ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვთ.
საშინლად ჯიუტი ხართ, ვერ იტანთ სხვის ჭკუაზე სიარულს და ხანდახან სხვისი ჯინით აკეთებთ ისეთ რამეებსაც კი, რის გაკეთება-არ გაკეთებასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, უბრალოდ იმიტომ, რომ გაბედეს და თავიანთი აზრის თქვენთვის თავზე მოხვევა გადაწყვიტეს.
უმთავრესი მოტივაცია პრესტიჟი (ლომებივით) და ავტორიტეტი (თხის რქასავით) სულაც არ არის – მათ ძალაუფლება სურთ. ფულიც კი, რომლისკენაც ასე ისწრაფვით თქვენთვის ძალაუფლების წყაროა. თქვენ აღიარება არ გჭირდებათ, უნდა გრძნობდეთ, რომ სიტუაციას თავად აკონტროლებთ, თუნდაც კულისებიდან.
ხშირად იკბინებით, თუმცა იშვიათად მიზეზის გარეშე. თუკი კუდზე ფეხს არ დაგაბიჯებენ, თქვენი ცხოვრებით ცხოვრობთ. შეგიძლიათ შეაღწიოთ ადამიანის სულის ყველაზე ბნელ მხარეებში, მიხვდეთ მათ ქვეცნობიერ მოტივებს. ბრწყინვალე ინტუიცია გაქვთ, რაც ხშირად ეჭვიანობად აღიქმება.
საშინელი ნებისყოფის მქონე ინდივიდი ხართ. იცით რა გსურთ, თუმცა ვერძივით მაშინვე ასაღებად არ გარბიხართ, ბუნებით სტრატეგი სიტუაციას არჩევთ და საჭირო დროს საჭირო ადგილზე ჩნდებით. აი, ასე, უბრალოდ, თითქოსდა ნერვის აუტოკებლად, მოთმინებით ელოდებით ხელსაყრელ მომენტს.
ყველაფერთან ერთად ძალიან უშიშარი ხართ, არ გადარდებთ, რას ფიქრობენ თქვენზე სხვები და ეს საშუალებას გაძლევთ, ყოველთვის ისე მოიქცეთ, როგორც თავად მიიჩნევთ საჭიროდ. არც შავი სამუშაოს შესრულება გეთაკილებათ - ფიზიკური იქნება ეს, თუ გონებრივი. ვერ იტანთ თუნდაც ძალიან ახლობელი ადამიანებისთვისაც კი ანგარიშის ჩაბარებას. ეს პროცესი თქვენს თავმოყვარეობას ეხება და გტანჯავთ.
საკუთარ სულში არავის ჩაახედებთ, რომც ჩაახედოთ ისეთ ადგილებს აჩვენებთ, ისეთ ხვეულებში ატარებთ, სულ დაუბნევთ თავგზას. ზოგადად, ეს მზე ენაწყლიან ტიპაჟებს არ ქმნის, თუმცა სხვა ნიშნების გავლენით, თუნდაც ბევრი ლაპარაკი გიყვარდეთ, ბოლომდე არასოდეს იტყვით ყველაფერს, რაღაცას მაინც დაიტოვებთ ხელშეუხებელს, გასაიდუმლოებულს. ინტრიგა!
ადამიანებს გულგრილს არ ტოვებთ. ისინი ან პატივს გცემენ, ან ვერ გიტანენ, თუმცა პირში იშვიათად გიბედავენ იმის თქმას, რასაც თქვენზე ფიქრობენ. მტრებთან შეუბრალებელი და სასტიკიც შეგიძლიათ იყოთ. უსაშველოდ ერთგული ხართ - სიძულვილშიც და სიყვარულშიც. რადიკალიზმი თქვენი ხასიათის ერთ-ერთი მკვეთრად გამოხატული თვისებაა.
უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის, რომ ცხოვრების, თუ ადამიანების უფრო მეტად უარყოფით ასპექტებს ხედავთ, ვიდრე დადებითს, ყოველთვის ცუდს ან უარესს ელოდებით, თვითგვემისკენ ხართ მიდრეკილი, წარსულში ქექვა და სინანული გჩვევიათ მაშინ, როდესაც უკვე ვერაფერს ცვლით.
სამაგიეროდ არასოდეს ნებდებით. საოცარი რეგენერაციის უნარი გაქვთ. ყოველდღე შეგიძლიათ მოკვდეთ და თავიდან დაიბადოთ. ნებისმიერი უფსკრულიდან ახერხებთ ამობობღებას და ფრენის ხელახლა სწავლას. თუკი მზე დაზიანებული არ არის, მთელი გულით გენდომებათ, რომ უკეთესი გახდეთ და თან ახერხებთ კიდეც, თქვენი ყველაზე დიდი ნიჭი ხომ ტრანსფორმაციის ნიჭია.
თვითანალიზით მთლიანად შეგიძლიათ გარდაქმნათ თქვენი ფსიქიკა. საოცარი სულიერი და მენტალური ევოლუცია განიცადოთ – ნაცრისფერი ხვლიკიდან (მორიელის უმდაბლესი გამოვლინება) – არწივამდე და ბოლოს მტრედამდე.
ერთადერთი ვინმე, ვინც თქვენს განადგურებას ახერხებს, თქვენი საკუთარი თავია – ეცადეთ ისწავლოთ ცხოვრების ნათელი მხარეების დანახვა, ოპტიმიზმი, ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს, ნუ ეძებთ ყველაფერში ქვეტექსტებს, ამოქექეთ ტრავმები, გააცნობიერეთ და აპატიეთ… ნურასოდეს ჩაიტოვებთ გულში წყენას. შურისძიებას კარგი არაფერი მოაქვს, ისევ თქვენ განგრევთ და თქვენ გაცლით ენერგიას, რომლითაც ძალიან ღირებული რამის შექმნა შეგიძლიათ. "იყო ნაწყენი ვინმეზე, ნიშნავს სხვისთვის ამზადებდე საწამლავს და თვითონ სვამდე" – ეს დაიმახსოვრეთ და კიდევ "როდესაც შურისძიებისთვის ემზადებით, ორი საფლავი გათხარეთ".
მიმართეთ საკუთარი თავი არა ნგრევისკენ, არამედ შენებისკენ და ერთხელ და სამუდამოდ გაისიგრძეგანეთ, რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღმდეგ როდია. უბრალოდ ყველას გვეშლება ხანდახან.
თქვენ ადამიანებს სჭირდებით, თქვენი ენერგია განკურნების, განწმენდის, ტრანსფორმაციის და შემოქმედების ენერგიაა, რომელიც ასე სჭირდება სამყაროს. ნუ გაფლანგავთ უაზროდ! თქვენ შეგიძლიათ იყოთ დიდი ადამიანი ან უკანასკნელი არამზადა – აირჩიეთ!

თევზები


თევზები ზოდიაქოს წრის უკანასკნელი ნიშანი და საფეხურია და თორმეტივე ნიშანს მოიცავს საკუთარ თავში. ეს მას საშუალებას აძლევს, რომ ნებისმიერი ტიპის ადამიანთან მოახდინოს საკუთარი თავის იდენტიფიცირება და ნებისმიერი მათგანის ადგილას წარმოიდგინოს თავი. თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ აღმოჩნდეთ სხვა ადამიანს ტყავში და ზუსტად ის ემოციები იგრძნოთ, ზუსტად ის იფიქროთ, რასაც ის განიცდის და ფიქრობს. ეს განვითარებულ დონეზე მედიუმური უნარებია.
აქედან გამომდინარე ძალიან ცვალებადი და ადვილად ადაპტირებადი ბრძანდებით, გაქვთ საოცარი თანაგრძნობისა და გაგების უნარი, გესმით ყველასი, მაგრამ თქვენ ვერავინ გიგებთ.
მზით თევზებმა შეიძლება ცხოვრების უდიდესი ნაწილი სასტიკ რეალობაზე დარდში გაატაროს, თუმცა ტანჯვა ნეპტუნისეულ სამყაროში საკმაოდ გლამურიზებულია. მათ ხშირად საკუთარი თავი ეცოდებათ და ამ განცდით მაზოხისტურ სიამოვნებას იღებენ.თევზებს, როგორც წესი, ხშირად აკრავენ უნებისყოფო და სუსტი ადამიანების იარლიყს, თუმცა ეს სადაო საკითხია. ამ მიმართულებადაკარგული, ბურუსით მოცული პიროვნების უკან ძალიან ღრმა ადამიანი იმალება. თქვენ მეოცნებე ხართ, მაგრამ ჩვეულებრივი მეოცნებე არა, მატერიალურ მოთხოვნილებებზე მაღლა დგახართ, უმაღლესი მიზნები და ტრანსცედენტული იდეები გაქვთ. ნეპტუნი უმაღლესი სიყვარულია და თქვენც მთელი კაცობრიობა, როგორც ერთი, ისე გიყვართ, ერთნაირად შეგიძლიათ უთანაგრძნოთ საკუთარ სისხლს და ხორცს თუ გადამთიელს. ამ სიყვარულში არ არსებობს საზღვრები. თევზები ქრისტესმიერი სიყვარულის სიმბოლოა.
მგრძნობიარე და ჰიპერსენსიტიური ადამიანი ბრძანდებით. ადვილად მიგაქვთ გულთან ყველაფერი, გეხებათ თუ არ ეს პირადად თქვენ. ადვილად გწყინთ და ხშირად ხართ ტანჯვებში. თანაც ყველაზე საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად ამდენი ტკივილისა, მაინც არ კარგავთ წარმოდგენას ადამიანებზე, მაინც გჯერათ მათი, მაინც ენდობით და იმათაც კი ვერ ეუბნებით უარს დახმარებაზე, ვინც იცით, რომ არ იმსახურებს.
იმდენად არ გსურთ მწარე სიმართლისთვის თვალის გასწორება, ხშირად თავს იტყუებთ, გაურბიხართ მას, სანამ სასტიკი რეალობა პირდაპირ ღრუბლებიდან მიწაზე არ დაგანარცხებთ. მერე იწყება საკუთარ სამყაროში ჩაკეტვა, საკუთარი თავის სიბრალული და "აღარასოდეს ვენდობი", "აღარასოდეს დავუჯერებ"… ეს პერიოდები ხანმოკლეა, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი. გაგიკვირდებათ და თქვენ, სწორედ ასეთი საკუთარი თავის შეცოდების მომენტებით იღებთ ენერგიას და ახერხებთ ფეხზე წამოდგომას. როცა ცხოვრება შემოგილაწუნებთ, მხოლოდ მაშინ გყოფნით სიმამაცე, თვალი გაუსწოროთ სიმართლეს. ჰოდა, ძლიერი და მყარი ნაბიჯებით ამოდიხართ ნაპირზე, ისევ ისეთი გამგები და თანაგრძნობით სავსე… ცოტა ხნით მაინც.
ბევრმა შეიძლება ისიც იფიქროს, რომ ტანჯვა მოგწონთ. არის ამაში რაღაც სიმართლის მარცვალი, რადგან სევდიანობის ჟამს განსაკუთრებით კრეატიული და შემოქმედებითი ხდებით, თქვენი შინაგანი სამყარო ხომ თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს ხელოვანი ადამიანის, პოეტის სულიერ სამყაროს, თუნდაც ამ სფეროში არ მოღვაწეობდეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთვარე თევზების შემთხვევაში უფრო აქტუალურია.თქვენ ვერ ერკვევით ბიზნესში, ვერც მატერიალური სამყაროს წესებში, ვერც აგრესიული, პირდაპირი ფორმით ახერხებთ თვითრეალიზაციას, თუმცა თვითგამოხატვის მოთხოვნილება კი გაქვთ და ხელოვნება საუკეთესო გამოსავალია. არტი, მუსიკა, მარკეტინგი… აი, თქვენი სფეროები. უშრეტი ფანტაზიის წყალობით ყველგან წარმატებული იქნებით, სადაც კრეატიულობა და წარმოსახვაა საჭირო, თუმცა გვერდით მაინც გჭირდებათ ისეთი ადამიანი, ვინც თქვენი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუკი მოახერხებთ და საჭირო ნიშას ნახავთ, შესანიშნავი ინტუიციის წყალობით, დიდ წარმატებასაც მიაღწევთ.
ბევრ თევზს მიდრეკილება აქვს ყურადღების გაფანტულობისკენ, უპასუხისმგებლობისაკენ, უგულისყურობისკენ… "რაა? მეე?" ალბათ აღშფოთდით. როგორ შეიძლება თქვენნაირი მგრძნობიარე ადამიანი, რომელიც ყველაფერზე დარდობს, უგულისყურობაში დაადანაშაულონ? კი, თქვენ ძალიან მზრუნველი ხართ, მაგრამ თუკი გაინტერესებთ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება, დაეკითხეთ ქალწულს ან თხის რქას.

თუკი თქვენ ვერ იტანთ რუკებს, საათებს, ინსტრუქციებს, საყიდელი ნივთების სიებს, განრიგებს, რეჟიმს და ა.შ., ესეც თქვენი მზის დამსახურება იქნება. განა არ სჯობს ინტუიციას ენდო და დინებას მიჰყვე? განა არ ამბობენ დიდი ფილოსოფოსები - "დინებამ უკეთ იცის საით წაგიღოსო?"
თევზებს ხშირად არ მოსწონთ ხოლმე ასტროლოგების მიერ დახასიათებული საკუთარი თავი, რადგან სავარაუდოდ, თვითიდენტიფიკაციის პრობლემა აქვთ. მათ უჭირთ საკუთარი პიროვნების აღქმა, ჰოდა, ტიპური თევზი გაინტერესებთ? ცეცხლის, მიწის და ჰაერის ნიშნების ძლიერი გავლენა რომ არ ჰქონია? კურტ კობეინი! მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ – უფრო ბედნიერი გენიოსებიც დაბადებულან თქვენს რიგებში – თუნდაც აინშტაინი, სტივ ჯობსი… ასე რომ პოტენციალი დიდი გაქვთ, მთავარია, როგორ მოიხმართ და რაში გამოიყენებთ ამ პოტენციალს….
სტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ