loading...
და მაინც,რამდენი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ დღეში?
რჩევები 02-Dec, 18:15 278
0
წყალი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი შემცველობა მოზრდილი ადამიანის სხეულში, წონიდან გამომდინარე, 45-დან 70 პროცენტამდე მერყეობს, ჩვილებში კი 80%-ია.
გავრცელებული აზრის მიხედვით, მოზრდილი ადამიანის მიერ მისაღები სითხის დღიური ნორმა 3 ლიტრია და ამასთან, სითხეში მხოლოდ წყალი მოიაზრება.თუმცა, არ არსებობს არანაირი კვლევა, რომელიც ამ რაოდენობის სითხის მიღების აუცილებლობას დაადასტურებდა. ეს მოსაზრება ძირითადად იმ ფაქტს ეყრდნობა, რომ როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის სხეულში წყლის შემცველობა მაღალია და ყველა იმ პროცესის ნორმალურად წარმართვისთვისაა მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს.
აშშ-ის კვების ეროვნული საზოგადოების მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში წყლის დღიურ ნორმად მითითებულია 2, 5ლ. და იქვე განმარტებულია, რომ საჭირო არაა ამ რაოდენობის მხოლოდ წყალი დავლიოთ, რადგან წყლის საჭირო რაოდენობას ორგანიზმი დღის განმავლობაში მიღებული სხვა სასმელებიდან და საკვებიდანაც ითვისებს.
ბევრს მიაჩნია, რომ რაც უფრო მეტ წყალს დალევს, მით უკეთესია და ხშირად საკუთარ თავს აიძულებენ ლიტრობით წყალი მიიღონ, 3 და ზოგჯერ 4 ლიტრიც კი. გახსოვდეთ, წყლის ჭარბად მიღებამ შესაძლოა წყლით ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.90-იან წლებში, აშშ-ში, მარათონის მონაწილეების გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა, რისი მიზეზიც სწორედ წყლით ინტოქსიკაცია იყო.საქმე იმაშია, რომ თუ თქვენ იმაზე მეტ წყალს მიიღებთ, ვიდრე თქვენი ორგანიზმი გამოყოფს, სისხლში ნატრიუმის შემცველობა გაიზრდება.იმისთვის, რომ ბალანსი აღადგინოს, თქვენი ორგანიზმი წყალს სისხლიდან უჯრედებში გადაქაჩავს, რაც, ასე ვთქვათ, უჯრედების შეშუპებას გამოიწვევს.თუ ეს პროცესი ტვინში განვითარდა, შესაძლოა ლეტალური შედეგიც დადგეს.
სიფრთხილით უნდა მოეკიდონ წყლის დიდი რაოდენობით მიღებას ის ადამიანებიც, ვისაც ჰიპერტონია, გული, ღვიძლი და თირკმელების დაავადებები აწუხებთ.
ერთერთი გავრცელებული შეცდომაა წყლის დიდი რაოდენობით მიღება ერთ ჯერზე.ამ დროს თქვენი ორგანიზმი მხოლოდ მისთვის საჭირო, მცირე რაოდენობას ითვისებს, დანარჩენი სითხე კი ორგანიზმიდან გამოიყოფა, რაც თქვენი თირკმელების ზედმეტად დატვირთვის ხარჯზე ხდება. უმჯობესია ულუფა შეამციროთ, მიღების სიხშირე კი გაზარდოთ.
ასევე არასწორია მოსაზრება, რომ თუ წყურვილს გრძნობთ, ე.ი. თქვენი ორგანიზმი დეჰიდრატაციას განიცდის და აუცილებელია მაშინვე წყალი დალიოთ. სინამდვილეში, წყურვილის გრძნობის გაჩენიდან დეჰიდრატაციის დადგომამდე საკმაო დრო უნდა გავიდეს, ხოლო სითხის დანაკარგმა კი 5% და მეტი უნდა შეადგინოს, ამიტომ, არ ღირს აფორიაქება და მაშინვე ჭარბი სითხის მიღება.როგორც უკვე ვთქვით, ამით მხოლოდ თქვენი თირკმელები დაიტვირთებიან.
არ არსებობს ფორმულა, რომელიც წყლის რაოდენობას და მისი მიღების სიხშირეს განსაზღვრავდა.ამიტომ, გავრცელებული აზრი, რომ დღეში 3ლ.წყლის დალევა აუცილებელია, უბრალოდ მცდარია.
კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორის, რობერტ ჰაგინსის განმარტებით, ადამიანისთვის აუცილებელი წყლის დღიური ნორმის მოცულობას მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს:სქესი, ასაკი, ჰავა, კლიმატური პირობები, კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობა და ესა თუ ის დაავადება. თუ თქვენ ცხელი და მშრალი ჰავით გამორჩეულ გარემოში ცხოვრობთ, ან ფიზიკური აქტივობა თქვენი ცხოვრების წესია, ბუნებრივია უფრო მეტი სითხის მიღება დაგჭირდებათ. 60კგ და 90 კგ წონის მქონე ადამიანებიც ერთმანეთისგან განსხვავებული მოცულობის წყალს მოიხმარენ.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წყალს ორგანიზმი საკვებიდან და სხვა სითხეებიდანაც ითვისებს, ამიტომ წყლის დღიური ნორმა 1-დან 3ლიტრამდე მერყეობს.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ყველაფერი ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანისთვის მისაღები წყლის დღიური ნორმებია გამოთვლილი, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, ყველაზე კარგად თქვენმა ორგანიზმმა იცის, როდისაა საჭირო წყლის დალევა.უბრალოდ, მოუსმინეთ მას, ნუ უგულებელყოფთ წყურვილის გრძნობას და ნურც ლიტრობით წყლის ყლაპვას აიძულებთ თავს, მაგრამ მეორე უკიდურესობაშიც ნუ გადავარდებით და მხოლოდ შემაწუხებელი წყურვილის დროს ნუ გაგახსენდებათ ამ ჯადოსნური თვისებების მქონე სითხის დალევა. ზომიერება ამ შემთხვევაშიც საუკეთესო საშუალებაა თქვენი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...