Загрузка...

როგორ დავამარცხოთ C ჰეპატიტი


ამ ორიოდე კვირის წინ იუსტიციის სახლს მივაკითხე. ბიომეტრიული პასპორტის აღება მსურდა და როცა თითის ანაბეჭდები ამიღეს და შესაბამის საბუთებზე ხელი მომაწერინეს, რამდენიმე წუთით მოცდა მომიხდა, სანამ ოცდახუთიოდე წლის გოგონა შესვენებიდან დაბრუნდებოდა, საკუთარ სამუშაო მაგიდასთან დაჯდებოდა და ყურადღებას მომაქცევდა.
მე ყურსაცვამები მოვიმარჯვე და ის-ის იყო, სმარტფონში ვაპირებდი თავის ჩარგვას და ცხოველების შესახებ დოკუმენტური ფილმის ნახვას "დისქავერის" ვებსაიტზე, რომ ჩემი ყურადღება მოპირდაპირე მაგიდასთან მჯდომმა ორმა შუახნის ასაკის ქალმა მიიქცია, რომლებსაც სადა ფერის ხალათები ეცვათ და მიმსვლელებს ანალიზებს უღებდნენ.
იტვირთება...
loading...

რადგან "დისქავერი" მოწყენილობის უკანასკნელი თავშესაფარია, ხოლო მე ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, მივედი ქალებთან და ვკითხე, რა ანალიზებს აკეთებთ-მეთქი.

"ეს არის C ჰეპატიტის სკრინინგის ტესტი, " მიპასუხა შედარებით უფრო ხანდაზმულმა ქალმა.

"რა ღირს?"

"არაფერი არ ღირს. უფასოა, " მიპასუხა ქალმა და ოდნავ გაიღიმა.
ძალიან გამიხარდა; პერიოდულად, პროფილაქტიკის მიზნით ვიტარებ ანალიზებს და გამოკვლევებს (ფილტვის რენტგენი 2 წელიწადში ერთხელ, ყოველწლიურად კი ტესტი ფარულ ნაწლავურ სისხლდენაზე, სისხლის საერთო ანალიზი, კარდიოგრამა და PSA-ტესტი), რაშიც ფულს ვიხდი ხოლმე. ჰეპატიტი C-ს გამოკვლევა არასოდეს არ ჩამიტარებია და ვაპირებდი, ოღონდ არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა.
კერძო ონკოლოგიური დაზღვევა მაქვს, 60 000 დოლარის ღირებულების (არ მინდა, ოდესმე კიბო თუ დამემართება, მეგობრები და უცხო ადამიანები შევაწუხო თანხების თხოვნით და ისედაც გულგახეთქილს, საკუთარ ავადმყოფობაზე წუხილის გარდა სადარდებლად ისიც მქონდეს, რომ შესაძლოა, მკურნალობისთვის საჭირო ფული ვერ გამოვძებნო), ხოლო ამ დაზღვევის ერთ-ერთი მოთხოვნა ისაა, რომ არასოდეს არ უნდა მქონდეს გადატანილი A, B ან C ჰეპატიტი. ამიტომ ძალიან ვღელავდი, იუსტიციის სახლში ჩემთვის დაავადება არ აღმოეჩინათ.

თუმცა, საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა. არ აღმომაჩნდა C ჰეპატიტი. შესაბამისად, არც კერძო დაზღვევის მოქმედება შემიჩერდა.
ანალიზის გაკეთება სულაც არ იყო მტკივნეული. ვერც კი ვიგრძენი, თითში ნემსი როგორ და როდის მიჩხვლიტეს.
არაჩვეულებრივია, რომ არსებობს C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი და ის იუსტიციის ყველა სახლში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არის უფასო.
საბედნიეროდ, უფასოა ჰარვონით მკურნალობაც. ოღონდ ეს ჩვენთვის, ქართველებისთვის, თორემ აღნიშნული პრეპარატი მსოფლიო ბაზარზე 20 026 ევრო ღირს! წარმოიდგინეთ, 20 026 ევრო ღირს მხოლოდ ერთი ფლაკონი! 28 აბი! ისიც წარმოიდგინეთ, 20 026 ევრო რამხელა ფულია. ამდენ ფულს ბევრი ადამიანის ცხოვრების სამუდამოდ შეცვლა შეუძლია, ჩვენ კი აი ასეთი უძვირესი პრეპარატით მკურნალობა ქვეყანაში გვაქვს სრულიად უფასო, სრულიად უფასოა ჰარვონით მკურნალობის მთლიანი კურსი, რომელიც 80 000 ევროზე მეტი ჯდება და ჩვენ კიდევ რას ვაკეთებთ, ძალიან მარტივ სკრინინგზე წასვლაც გვეზარება?

იქნებ, შევძლოთ ყველამ და გამოვნახოთ ორიოდე საათი, რათა სკრინინგ-ტესტი ჩავიტაროთ? განა ეს ასე რთულია?
2021 წლიდან C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოშიც ფასიანი გახდება. დღეს უფასო მხოლოდ იმიტომ არის, რომ კომპანია Gilead-ს, რომელიც ჰარვონს აწარმოებს, სურს, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მის მიერ გამოშვებული პრეპარატი არის ძალიან ეფექტური და აღნიშნული პრეპარატით მკურნალობას შეუძლია, C ჰეპატიტი სრულად აღმოფხვრას.

ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, Gilead-მა არჩევანი საქართველოზე რომ შეაჩერა. ასე რომ არ ყოფილიყო, ყოველწლიურად ათასობით ადამიანი C ჰეპატიტით დაგვეღუპებოდა, რადგან ჩვენს ღატაკ სახელმწიფო ბიუჯეტში ფიზიკურად ვერ გამოინახებოდა მილიარდობით დოლარი ამ ძალიან ვერაგი დაავადების დასამარცხებლად (C ჰეპატიტი მართლაც ძალიან ვერაგია იმის გამო, რომ ხშირად წლობით მიმდინარეობს ფარულად, ყოველგვარი სიმპტომის გარეშე).
C ჰეპატიტს კიდევ ერთი ძალიან ცუდი თვისება რაც აქვს, ისაა, რომ ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს ძალიან ზრდის, რადგან აღნიშნული ვირუსი არის კიბოს მაპროვოცირებელი. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტს ღვიძლის კიბო და C ჰეპატიტი ერთდროულად ემართება და ეს ხდება იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი წლობით არ აქცევს ყურადღებას საკუთარ ჯანმრთელობას და ერთხელაც კი არ იტარებს C ჰეპატიტის სკრინინგს.
ასე რომ, მიაკითხეთ იუსტიციის სახლს, ჩაიტარეთ გამოკვლევა და იმკურნალეთ. ნუ შეგეშინდებათ, C ჰეპატიტი უმრავლეს შემთხვევაში არის განკურნებადი. ამ ვირუსის მატარებელი პაციენტების 98, 2 % სრულად იკურნება.
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
გააკეთეთ კომენტარი
მსგავსი სიახლეები


loading...
რედაქტორი გირჩევთ