loading...
რა არის ''ბატონები'' - ზებუნებრივი არსებების სტუმრობა თუ საშიში ინფექციური დაავადებები?
ჯანმრთელობა 05-Dec, 23:10 295
0
''ბავშვობაში წითელა რომ შემეყარა,
 მძვინვარებდა თურმე მაშინ ბატონები;
რაც ვინატრე, ამისრულეს ისე მარდად,
თითქოს ჩემთვის გამოისხა ყველამ ფრთები...'' - საშუალო და უფროსი ასაკის ბევრ ადამიანს ალბათ კარგად ახსოვს ეს ცნობილი სიმღერა, რომელსაც გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი "ცისფერი ტრიო" ასრულებდა (ამ სიმღერას სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ). ალბათ ისიც კარგად გახსოვთ, თუ როგორი მოწიწებით აცხადებდნენ მშობლები, როდესაც ჩვენს სხეულზე უცნაურ გამონაყარს შეამჩნევდნენ, - ბატონები გვესტუმრენ, დაილოცოს მათი სახელიო... ასეთ დროს ოჯახში ყველა "ფეხის წვერებზე" დადიოდა, მოწევა, დალევა და ზედმეტი ხმაური იკრძალებოდა და "დაავადებულს", ანუ იმ ბავშვს, რომელსაც ბატონები სტუმრობის ღირსად თვლიდნენ, მართლა "ბატონივით" ექცეოდა ყველა. რაც არ უნდა ეთხოვა "ბატონებიანს" ოჯახის წევრებისთვის, მას ყველა სურვილს დაუყოვნებლივ უსრულებდნენ (რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში).
მაინც რა არის "ბატონები'' - ზებუნებრივი არსებების სტუმრობა თუ მეტნაკლები სირთულით მიმდინარე საშიში ინფექციური დაავადებები?

ქართველთა ძველი რელიგიური შეხედულებით, ამ სნეულებას პატარა ზებუნებრივი არსებები - ეგრეთ წოდებული ბატონები, ანგელოზები იწვევდნენ. დაავადებებსაც შესაბამისად ყვავილა-ბატონები, წითელა-ბატონები, ხველა-ბატონები და ასე შემდეგ ეწოდებოდა. მორწმუნეთა წარმოდგენით, ბატონები ამა თუ იმ სოფელში მობრძანდებოდნენ და რომელ ოჯახსაც ეწვეოდნენ, იქ ავადმყოფობა ჩნდებოდა; სწამდათ, რომ მათ მუსიკა, ცეკვა, ყვავილები, ტკბილეულობა უყვარდათ და თუ სურვილს აუსრულებდნენ, დაავადებაც იოლად გაივლიდა. ამიტომ ავადმყოფის პატრონები ბატონების გასამხიარულებლად მართავდნენ საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულ ე. წ. "ბატონების ხეს", დგამდნენ ტკბილეულით გაწყობილ ტაბლას, უკრავდნენ ფანდურზე, მღეროდნენ ბატონების საგალობელს "ბატონებო", ცეკვავდნენ და გარკვეულ წესებს იცავდნენ:
ბატონების დროს არ შეიძლებოდა ბავშვის მშობლებს შორის ინტიმური კავშირი, სიმთვრალე, სიგარეტის მოწევა, ტაფის გაცხელება, ოჯახში ცხოველის ან ფრინველის დაკვლა (სისხლის გადენა), ჩხუბი, ბანაობა, კერვა, ხმამაღლა ლაპარაკი, შავი ფერის ტანსაცმლის ჩაცმა, გარდაცვლილი ნათესავის ან მეზობლის პანაშვიდზე წასვლა. აუცილებელი იყო მხიარულება, საწოლი ოთახის მორთვა ფერადი ლენტებით, ბუშტებით, ყვავილებით. ბატონებიანი ბავშვის საწოლის თავთან იდგმებოდა ტაბლა, რომელზეც წითლად შეღებული კვერცხები, ტკბილეული და პურის ცომისაგან გამომცხვარი, წითლად დაფერილი ჩიტები, კვერცხები და წიწილები ელაგა. ბატონების წაბრძანების შემდეგ ტაბლას წაიღებდნენ, ეზოს გარეთ მოძებნიდნენ სუფთა ადგილზე ამოსულ ბუჩქს ან პატარა ხეს და ტაბლას მასზე დატოვებდნენ, ბუჩქს წითელ ლენტებს შეაბამდნენ, ფრინველს გადააფრენდნენ და თან გადაულოცავდნენ, რომ ამ ოჯახისათვის ბატონებს თავი დაენებებინა და სხვა ოჯახში წაბრძანებულიყო.

ჩემი პირველი შეხვედრა ბატონებთან ექვსი წლის ასაკში შედგა, როდესაც წითელა ბატონები მესტუმრა. ახლაც მახსოვს, როგორ მეფერებოდა ყველა, როგორ მეკითხებოდნენ, რა მსურდა და რა გამეხარდებოდა ყველაზე მეტად, მე კი სიცხით და გამონაყარით შეწუხებულს, მაინდამაინც მაშინ არ მომდიოდა თავში აზრად რამე ისეთი მომეთხოვა, რასაც სხვა დროს არავინ არ შემისრულებდა. არც საწოლის თავთან დადგმული ხონჩა მხიბლავდა დიდად და არც მეზობლების განუწყვეტელი სტუმრობა- მშვიდად, თვალდახუჭული წოლას და განმარტოებას არაფერი მერჩივნა. ისიც კარგად მახსოვს, როცა თითქმის ბოლომდე მოვრჩი, დედამ და ბებიამ ხელი მომკიდეს და მითხრეს, ბატონებს უნდა გადავულოცოთო. ეზოსგან მოშორებით ერთი ლამაზი ბუჩქი ამოარჩიეს, ტოტებზე წითელი ლენტები და ნაჭრები შეაბეს, იქვე დატოვეს ტაბლა, ფრთებზე წითელლენტებშებმული ყვინჩილაც გადააფრინეს და გზა დაულოცეს ბატონებს. მაშინ ამ რიტუალს დიდი ინტერესით, აღფრთოვანებული ვადევნებდი თვალს და რაღაცნაირი იდუმალი, ამაღლებული განწყობა მეუფლებოდა, თუმცა დიდად ვერ ვაცნობიერებდი, რისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი და ვინ იყვნენ ეს უხილავი ''ბატონები'', რომლებსაც ასეთი მოწიწებითა და პატივისცემით ექცეოდნენ უფროსები.

მას შემდეგ არაერთხელ მომიწია "ბატონებთან'' შეხვედრა, ოღონდ ამჯერად ისინი უკვე ჩემ შვილებს სტუმრობდნენ. შესანიშნავად მესმოდა, რომ ეს ავადმყოფობა უხილავი ანგელოზების სტუმრობით კი არა, ჩვეულებრივი ინფექციით იყო გამოწვეული, ამიტომ ექიმის მითითებებს ზუსტად ვასრულებდი, თუმცა ბებიების ტრადიციებსაც არ ვივიწყებდი და მეც ვუწყობდი ბატონებს ტაბლას პურის ცომისაგან გამომცხვარი ჩიტბატონებითა და წითელი ლენტებით: ალბათ ნაწილობრივ ამის დამსახურებაც იყო, რომ ბატონები მშვიდობიანად მიდიოდნენ თავის გზაზე - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.

მოდით, ამ საკითხს სულ სხვა, მეცნიერული კუთხით შევხედოთ. მაინც რას ფიქრობენ ბატონების შესახებ ექიმები და ეთანხმებიან თუ არა ისინი ძველ წარმოდგენებს და წეს-ჩვეულებებს ამ დაავადების შესახებ? - სინამდვილეში ბატონები ჩვეულებრივი, სხვადასხვა სახელწოდების, სხვადასხვა სიმპტომებით გამოხატული ინფექციური დაავადებებია და მას ხალხურ ცრურწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ამ "ცრურწმენების" გარკვეული ასპექტების ახსნა სამედიცინო ენაზე მაინც შესაძლებელია..
ავადმყოფის გაღიზიანების შემთხვევაში მდგომარეობის დამძიმება მართლა შეიძლებას მოხდეს, მაგრამ არა "გაბრაზებული" ბატონების გამო. ხშირ შემთხვევაში დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება ნერვულ სისტემას ეხება. ნებისმიერი გაღიზიანება კი იწვევს ემოციურ სტრესს, რაც თავის მხრივ, ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას.
''ბატონებს'' ხშირად "საბავშვო დაავადებასაც'' უწოდებენ, სინამდვილეში ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში შეხვდეს ადამიანს, მაგრამ უფრო გავრცელებული, რა თქმა უნდა, ბავშვებშია. ამასაც თავისი ახსნა აქვს. თუ ბატონები ბავშვობაში შეგხვდათ, მომდევნო წლებში აღარ განმეორდება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ისეთ ანტისხეულებს, რომლებიც იცავს ორგანიზმს განმეორებითი დასნებოვანებისგან. ამიტომაც მოზრდილებში ის ნაკლებად თუ ხვდება ვინმეს, თუმცა თუ დაავადება ბავშვობაში არ გადაგიტანიათ, სავსებით შესაძლებელია, რომ ის ზრდასრულ ასაკში შეგხვდეთ და სამწუხაროდ მოზრდილები გაცილებით რთულად იტანენ მას, ვიდრე პატარები.

დაავადება გადამდებია ინკუბაციური პერიოდის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში იმის მიხედვით, თუ რომელი ინფექციის მატარებელია დაავადებული, მაგალითად, ავიღოთ წითელა. მისი ინკუბაციური პერიოდი კლინიკური გამოვლენიდან 2 დღით ადრე იწყება და 7-დან 21 დღემდე გრძელდება, ანუ ამ პერიოდში ის საშიშია გადადების თვალსაზრისით.
დაავადების ინკუბაციური პერიოდის შემდეგ იწყება მისი კლინიკური გამოვლინება და მერე უკუგანვითარება, ანუ ბატონების წაბრძანება. ამ დროს მართლა საჭიროა ემოციური სტრესისგან დაავადებულის დაცვა, რომ ერთი შეხედვით უწყინარი ინფექციები რამე გართულებულში არ გადაიზარდოს. გავრცელებული მითი, თითქოს ეგრეთ წოდებულ "ბატონებს" მკურნალობა არ ჭირდება, მცდარია. რიგ შემთხვევებში ასეთმა ჩაურევლობამ შეიძლება ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ამ დაავადებების უყურადღებოდ დატოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მისი გართულების თავიდან აცილების ერთდერთი და ყველაზე უხიფათო გზა ვაქცინაციაა, რომლის მეშვეობით ადამიანს პატარაობიდანვე უყალიბდება იმუნიტეტი და თუ მას მაინც შეხვდა ბატონები, შედარებით იოლი ფორმით მოიხდის, ამიტომ ძალიან აშავებენ ის მშობლები, რომლებიც აცრებზე უარს აცხადებენ იმ საბაბით, თითქოსდა ის მავნე იყო ბავშვის ჯანმრთელობისათვის.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს! სტატიის ბოლოს კი დაპირებული ვიდეო - სიმღერა "ბატონები" ავთო შარვაძის შესრულებით (სამწუხაროდ, "ცისფერი ტრიოს" ვერსიას ვერსად მივაკვლიე).
მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გააზიარეთ, რათა სხვებმაც ნახონ.
loading...
მსგავსი სიახლეები
გააკეთეთ კომენტარი


loading...